თეთრი დათვების 10-დღიანი დომინაცია

GFDF – სელფორდი | მერიის თასი | მაკა ხურციძე

გასული 10 დღე GFDF-ისთვის აბსოლუტური ტრიუმფით წარიმართა — „თეთრმა დათვებმა“ ყველა იმ ტურნირზე, სადაც ბრძოლაში ჩაერთნენ, გამარჯვება იზეიმეს.

„კრისტალბეთთან“ მოპოვებულმა გამარჯვებამ გუნდს მძლავრი პოზიტიური იმპულსი მისცა. ფეხბურთელებმა იდეალურად გაითავისეს ტაქტიკური დავალებები, შეთამაშების ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ტაბლოზეც დადებითად ისახება. დიდი დაბრუნების შემდეგ გუნდს წინ თბილისის მერიის თასი ელოდა, თუმცა, სანამ უშუალოდ თასის ამბებზე გადავალთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჩვენი ბრწყინვალე დებიუტი სუპერ ლიგაზე.

ისტორიული დებიუტი სუპერ ლიგაზე და ვაჩე ალფაიძის ბენეფისი

GFDF – გრანდ ავლაბარი | SuperLeague მაკა ხურციძე

სუპერ ლიგის ჩემპიონატი პროფესიონალური ხასიათისაა და საქართველოში პირველად იმართება. საწყის ტურში ჩვენი გუნდი „გრანდ ავლაბარს“ დაუპირისპირდა. მატჩი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ვაჩე ალფაიძის ბენეფისად იქცა.

მოედანზე მყოფმა GFDF-ის თითოეულმა ფეხბურთელმა ახალი გათამაშების მიმართ უდიდესი ენთუზიაზმი და რკინისებრი სათამაშო დისციპლინა გამოავლინა. ამან სტარტი არა მხოლოდ იოლი, არამედ მაყურებლისთვის სანახაობრივიც გახადა. შედეგი სახეზეა: პირველი მატჩი, გატანილი 8 გოლი, მოპოვებული 3 ქულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელებული ვაჩე ალფაიძე!

ვაჩე ალფაიძე | ფოტოგრაფი: მაკა ხურციძე

ხასიათის გამოცდა თბილისის მერიის თასზე

სუპერ ლიგის წარმატებამ მერიის თასის წინ გუნდის განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. იმ ტურნირზე დაბრუნება, რომელმაც შარშან არნახული ემოციები გვაჩუქა, ჩვენთვის ემოციურად ორმაგად დატვირთული იყო.

1/32 ფინალში წილისყრამ გასული სეზონის მესამე ლიგის ფინალისტი — „სელფორდი“ გვარგუნა. მეტოქე ამჟამად მეორე ლიგაში ასპარეზობს და საკმაოდ მძლავრი წინა ხაზით გამოირჩევა. თასის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც ერთი შეცდომაც კი ძვირად ფასობს, თამაში დაძაბული, მძიმე და ორთაბრძოლებით სავსე გამოდგა.

საწყის წუთებში გატანილმა გოლმა „თეთრ დათვებს“ საქმე შეუმსუბუქა — ლევან ბოტკოველმა საჯარიმო დარტყმით მორიგი შედეგიანი გასროლა შეასრულა. მეორე ტაიმში კი თბილისის მერიის თასის 1/32 ფინალის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კომბინაცია ვიხილეთ: ილია გორდაძის გეომეტრიული სიზუსტის გადაცემა ლაშა ჟღენტმა ეფექტური გოლით დააგვირგვინა.

GFDF – სელფორდი | ფოტოგრაფი: მაკა ხურციძე

მატჩის მიწურულს დაცვაში წამიერი მოდუნების შედეგად სახიფათო ზონაში დარჩენილმა ცოტნე მესხმა სხვაობა შეამცირა. ბოლო წამები მეტოქის უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეკარე გიგა ჭანკვეტაძემ „სელფორდს“ შანსი არ დაუტოვა და გუნდს ურთულესი გამარჯვება შეუნარჩუნა.

შედეგად, პირველი ეტაპი წარმატებით დაძლეულია! 1/16 ფინალში „მარშალს“ შევხვდებით — გუნდს, რომელთანაც შარშან 1/2 ფინალში დრამატული საფეხბურთო ომი გადავიტანეთ და გიგას გმირობით პენალტების სერიაში ფინალის ბილეთი მოვიპოვეთ.

დრამატული ქამბექი სუპერ ლიგის მეორე ტურში

დღეს საქართველოში მოყვარულ ფეხბურთელს ისეთი დატვირთვა აქვს, ბევრ პროფესიონალს შეშურდება. ტურნირიდან ტურნირამდე ხშირად 1-2 დღიანი ფანჯარაც კი არ რჩება. სწორედ ასეთ გადატვირთულ გრაფიკში მოგვიწია სუპერ ლიგის მეორე ტურის მატჩის ჩატარება, სადაც მეტოქე ფიზიკურად კარგ ფორმაში მყოფი „გლოვო“ იყო.

შეხვედრა ჩვენი უპირატესობით დაიწყო, შევქმენით მომენტები, თუმცა გოლი საკუთარ კარში მივიღეთ. ამან გუნდი აიძულა სიჩქარეებისთვის მოემატებინა, რასაც შეცდომების მატებაც მოჰყვა. „გლოვომ“ კონტრშეტევაზე დაგვიჭირა და მეორე ბურთიც გაგვიტანა.

შესვენებაზე გუნდმა სიტუაცია გაანალიზა. მეორე ტაიმის პირველივე წამებიდან ინტენსიური, აგრესიული პრესინგი დავიწყეთ, რამაც 5-8 წუთში ანგარიშის გათანაბრება გამოიწვია (2:2). განსაკუთრებით ხაზგასასმელია რატი ცაცკრიალაშვილის თამაში, რომლის დროულმა და სწორმა გადაწყვეტილებებმა გუნდს უდიდესი სარგებელი მოუტანა. საბოლოოდ, მძიმე ბრძოლაში ნამდვილი ხასიათი ვაჩვენეთ, დაუჯერებელი ქამბექი შევასრულეთ და მატჩი 4:3 მოვიგეთ. 2 თამაში, 6 ქულა!

მომავალი გამოწვევები: რა გველოდება წინ?

ვაჩე ალფაიძე, გიორგი ჟვანია, გოგიტა უგულავა | ფოტოგრაფი მაკა ხურციძე

  • სუპერ ლიგა: მომდევნო მატჩი „დერბის“ წინააღმდეგ გაიმართება პარასკევს (ზუსტი დრო მოგვიანებით დაანონსდება).

  • მასტერ ლიგა: მორიგი მეტოქე ყველასათვის კარგად ნაცნობი „ჩივასია“. მეტოქე „თეთრი დათვებისთვის“ უცხო არ არის — გასულ წელს მეორე ლიგის პლეიოფის ნახევარფინალში ისინი 3:0 დავამარცხეთ (ზვიად მეტრეველის დუბლითა და ვაჟიკო გეგეშიძის გოლით). ახალი დაპირისპირება სამშაბათს, მასტერ ლიგის არენაზე, 22:45 საათზე დაიწყება.

წინ ახალი ბრძოლებია, GFDF კი გამარჯვებების სერიის გაგრძელებას გეგმავს!