GFDF-ს პირველი ქულა Master League -ში

ლაშა ჟღენტი | ფოტოგრაფი: მაკა ხურციძე

GFDF-მა („თეთრმა დათვებმა“) მასტერ ლიგაზე რიგით მესამე ტურის მატჩი გამართა და უმაღლეს ლიგაში ისტორიული, პირველი ქულა მოიპოვა.

კლუბი გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ „ბრიტანიას“ დაუპირისპირდა, რომელიც უმაღლეს დივიზიონში არაერთი წელია ასპარეზობს.

„თეთრი დათვები“ შეხვედრას სიახლეებით შეხვდნენ: გუნდს ლევან ბოტკოველი დაუბრუნდა, ხოლო ახალწვეულმა ლაშა ჟღენტმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა. სწორედ ამ ორი მოთამაშის აქტიური დახმარებით შეძლო გუნდმა ურთულეს ბრძოლაში ქულის გადარჩენა.

საწყისი ორი მარცხის შემდეგ, ფეხბურთელები მოედანზე რეაბილიტაციის მიზნით გავიდნენ. მატჩის მიმდინარეობისას GFDF-ს ორჯერ მოუწია მდევრის როლში ყოფნა, თუმცა წონასწორობის აღდგენა მალევე ხერხდებოდა. მიუხედავად დიდი მონდომებისა, წინა ტურების მსგავსად, კვლავ იჩინა თავი გამოუყენებელი მომენტების პრობლემამ. საბოლოოდ, ტაბლოზე ლოგიკური შედეგი — 2:2 დაფიქსირდა და ორივე გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი ქულები ჩაიწერა.

ლაშა ხომასურიძე | ფოტოგრაფი: მაკა ხურციძე

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: „დათვების“ რიგებიდან მატჩის MVP-ის ჯილდო ლაშა ხომასურიძეს ერგო. მან ჯერ ლევან ბოტკოველს გაუკეთა შედეგიანი გადაცემა, ხოლო მეორე გოლის შექმნაში საკვანძო როლი ითამაშა: ხომასურიძის ეფექტური პასით ჟღენტი მეკარესთან პირისპირ დარჩა. მიუხედავად პირველი წარუმატებელი მიღებისა, ჟღენტმა „მაკრატელათი“ მოახერხა ბურთის კარისკენ გადაგზავნა, შეტევა კი ზვიად მეტრეველმა დააგვირგვინა და ბურთი ბადეში გაახვია.

ლაშა ჟღენტი | ფოტოგრაფი: მაკა ხურციძე

კლუბის წევრების ასპარეზობა მოყვარულთა ლიგაში

პარალელურად, საინტერესო მოვლენები განვითარდა მოყვარულთა ლიგაში, სადაც GFDF-ის ფეხბურთელები სხვადასხვა გუნდების შემადგენლობაში ირიცხებიან. ტური ყველასთვის ერთნაირად წარმატებული არ გამოდგა.

კვარტალი | მოყვარულთა ლიგა

ყველაზე მძიმე მარცხი „კვარტალმა“ განიცადა, რომელიც შესუსტებული შემადგენლობით ლევან ბოტკოველის V&S Brothers-ს დაუპირისპირდა. თუ ბოტკოველისთვის ეს მატჩი ნამდვილი ბენეფისი აღმოჩნდა (ის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა), „კვარტალისთვის“ შეხვედრა კოშმარული სცენარით წარიმართა.

წარმატებული ტური ჰქონდათ „ოლ სტარის“ მოთამაშეებს: ლაშა ჟღენტს, ილია გორდაძესა და გიგა ჭანკვეტაძეს. მათმა გუნდმა „ქომაგები“ დამაჯერებლად, ანგარიშით 6:2 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ჟღენტი ბოტკოველთან ერთად ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში დასახელდა.

რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, ვაჟა გეგეშიძის „სეუ“ „შტურმთან“ 1:1 დაზავდა.

ილია გორდაძე | მოყვარულთა ლიგა

დავით ყიფიანის თასი და მოქმედი ჩემპიონის ქამბექი

ლაშა ხომასურიძისა და ზურა ბიძინაშვილის „ბასამ“ (რომელიც მოყვარულთა ლიგის 2025 წლის მოქმედი ჩემპიონია) რეგულარული ტური დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე ასპარეზობის გამო გამოტოვა. გუნდს „სპაერი 2“-თან უმძიმესი ბრძოლა გადახდა. მატჩის მიმდინარეობისას „ბასა“ 0:1 მარცხდებოდა, თუმცა ძირითად დროშივე შეძლო ვითარების შემოტრიალება, 2:1 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

მომდევნო ტურის ანონსი (მოყვარულთა ლიგა)

შაბათი:

  • „კოლხეთი“ (გიორგი ჟვანია) 🆚 „ოლ სტარი“ (ჟღენტი, გორდაძე, ჭანკვეტაძე)

  • „კვარტალი“ (ჯიშკარიანი, ლუკავა, ფანცულაია, მეტრეველი, ტოგონიძე, ალფაიძე, უგულავა, ჩანტლაძე, კაიდარაშვილი) 🆚 „სეუ“ (გეგეშიძე)

კვირა:

  • „ბასა“ (ხომასურიძე, ბიძინაშვილი) 🆚 „სტელა“

  • V&S Brothers (ბოტკოველი) 🆚 „ქომაგები“

GFDF-ის მომავალი გამოცდა მასტერ ლიგაში და გუნდის დანაკლისი

რაც შეეხება უშუალოდ GFDF-ს, „თეთრი დათვები“ მასტერ ლიგის მეოთხე ტურის მატჩს „კრისტალბეთის“ წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება. მეტოქეს სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს დაგროვებული და ბოლო შეხვედრაში „ონვეისთან“ უმძიმეს ბრძოლაში 4:3 გაიმარჯვა.

საკადრო პრობლემები: GFDF-ს გასულ კვირას ტრავმების გამო ნიკა ფანცულაია, გოგიტა უგულავა, ვაჟა გეგეშიძე და ნიკა შანიძე დააკლდნენ. გარდა ამისა, „ინტერსპორტთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებულია ვაჩე ალფაიძე.