გოლების წვიმა მასტერ ლიგაზე და ახალი გამოწვევები

GFDF – კრისტალბეთი

გრძელდება AFC GFDF-ის ფეხბურთელებისთვის დატვირთული საფეხბურთო მარათონი.

გასული სათამაშო კვირა საკმაოდ საინტერესო პერიპეტიებითა და დამაჯერებელი გამარჯვებებით გამოირჩეოდა. სტატიაში განვიხილავთ მოვლენებს სამოყვარულო ლიგიდან დაწყებული, მასტერ ლიგით გაგრძელებული და მინი ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატით დასრულებული, რომელიც სტარტს ამ კვირას აიღებს.

🏆 სამოყვარულო ლიგა: დერბი და „სეუ“-ს დომინაცია

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ფეხბურთელები სამოყვარულო ლიგაში სხვადასხვა გუნდებში არიან გადანაწილებულნი, ამიტომ ყველასთვის ერთნაირად წარმატებული ტურის „გამოცხობა“ რთულია. თუმცა, მე-5 ტური გამორჩეულად იღბლიანი გამოდგა ვაჟა გეგეშიძისთვის. იგი „სეუ“-ს რიგებში ეულად წარმოადგენს AFC GFDF-ს და მისმა გუნდმა „კვარტალს“ შანსი არ დაუტოვა. მიუხედავად „კვარტალის“ აქტიური დასაწყისისა და შექმნილი მომენტებისა, მე-15 წუთიდან „სეუ“-მ მოედანზე სრული დომინაცია მოიპოვა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.

ამავე ტურში კიდევ ერთი საინტერესო დერბი შედგა თეთრი დათვების მონაწილეობით. გიორგი ჟვანიას „კოლხეთი“ ლაშა ჟღენტის, ილია გორდაძისა და გუნდის ვიცე-კაპიტანის, გიგა ჭანკვეტაძის გუნდს დაუპირისპირდა. AFC GFDF-ის მოთამაშეები მოედანზე გამორჩეულად ასპარეზობდნენ და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. საბოლოო ჯამში, გამარჯვება ჟღენტი-გორდაძე-ჭანკვეტაძის ტრიოს დარჩა.

ზურა ბაბლიძე & დავით ჯიშკარიანი

🔥 მასტერ ლიგა: შთამბეჭდავი გამარჯვება კრისტალბეთთან (CB) – 9:3

მთავარი მოვლენები „თეთრ დათვებს“ წინ ელოდათ. მასტერ ლიგაზე გუნდს რთული სტარტი ჰქონდა — საწყის სამ ტურში მხოლოდ 1 ქულა მოვიპოვეთ. თუმცა, პარასკევს „საბა კონსტრაქშენის“ დახმარებით, „ნიუ ვიჟენის“ მოედანზე გამართულმა ამხანაგურმა მატჩმა გუნდზე დადებითი გავლენა იქონია, რამაც შედეგი „კრისტალბეთთან“ დაპირისპირებაში გამოიღო.

„კრისტალბეთი“ უმაღლესი ლიგის სტაბილური წევრია გამოცდილი და ტექნიკური შემადგენლობით, თუმცა ეს შეხვედრა AFC GFDF-ის სრული დომინირებით წარიმართა და საბოლოოდ, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 9:3 დასრულდა.

დავით ჯიშკარიანი & ლაშა ჟღენტი

გუნდმა მხოლოდ რამდენიმე უზუსტობა დაუშვა, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენს კარში გაშვებული ბურთი მოჰყვა. თუმცა, ჩვენმა ალექსიმ და მისმა ბიჭებმა პირველსავე საპასუხო შეტევაში აღადგინეს სტატუს-კვო, რასაც მალევე 4-5 წუთიან ინტერვალში კიდევ რამდენიმე გატანილი გოლი მოჰყვა.

მატჩის გამორჩეული პერსონალიები და მომენტები:

  • სანდრო კაიდარაშვილი: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (MVP). ახალგაზრდა შემტევმა პოკერი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

  • ლევან ბოტკოველი: ეფექტური, დასამახსოვრებელი გოლით დაგვამახსოვრა თავი და დუბლი გაიფორმა.

  • ნიკა ფანცულაია: ასევე დუბლი. მან მასტერ ლიგაზე გოლებთან ერთად ასისტების ანგარიშიც გახსნა.

  • ილია გორდაძემ თავი ორი საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა. სწორედ მის ზუსტ ჩაწოდებას მოყვა ბოტკოს შედევრი.
  • ლაშა ჟღენტი: მორიგი საგოლე გადაცემა (ორ მატჩში უკვე 3 შედეგიანი მოქმედება).

  • კახა ტოგონიძე და ლაშა ხომასურიძე: შესანიშნავი „ტიკი-ტაკა“, რომელიც ამ უკანასკნელის გოლით დაგვირგვინდა.

სანდრო კაიდარაშვილი

🔜 თასის წილისყრა და სუპერ ლიგის მოლოდინი

მასტერ ლიგა 20 მაისს განახლდება, სადაც ჩვენი მეტოქე „ჩივასი“ იქნება. მანამდე კი, გუნდი მერიის თასის ეგიდით იასპარეზებს. წილისყრა დღეს გაიმართება და ცნობილი გახდება, თუ ვინ დაგვიპირისპირდება პირველ ეტაპზე.

და ბოლოს, ჩვენი გუნდი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტურნირში ერთვება. მინი ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში პირველად ტარდება მინი ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატი (სუპერ ლიგა).

AFC GFDF პირველ შეხვედრას „გრანდ ავლაბარის“ წინააღმდეგ გამართავს:

  • დრო: კვირა, 19:45 საათი.

  • ლოკაცია: ვაზისუბანი, 172-ე სკოლის მიმდებარე ახალაშენებული მოედანი.