თეთრი დათვების დატვირთული კვირა

ლაშა ჟღენტი & ლევან ბოტკოველი | ფოტოგრაფი: მაკა ხურციძე

გთავაზობთ ჩვენი გუნდის გარშემო არსებულ ყოველკვირეულ სიახლეებს.

გასული კვირა GFDF-ის გუნდისთვის თავდაპირველად დასვენების კვირად მოგველინა, რადგან ეროვნული ნაკრების მატჩის გამო, მასტერ ლიგაზე „ფედერაციასთან“ დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. თუმცა, უქმეებს საფეხბურთო ემოციების გარეშე ნამდვილად არ ჩაუვლია.

სუპერ ლიგა: 11-გოლიანი თრილერი Old Stars-ის წინააღმდეგ

კვირის ბოლოს სუპერ ლიგის მე-4 ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ჩვენს გუნდს ურთულესი დაპირისპირება ელოდა Old Stars-ის წინააღმდეგ. მეტოქის რიგებში არაერთი მაღალი დონის მოთამაშე ირიცხება, რომლებიც დღეს ეროვნულ ლიგასა თუ ფუტსალის უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ. შესაბამისად, ტრიბუნაზე შეკრებილმა ქომაგმა 50-წუთიანი, ნამდვილი საფეხბურთო სანახაობა იხილა.

დაძაბულ ბრძოლაში ჯამში 11 გოლი გავიდა. მატჩი ჩვენთვის მძიმედ დაიწყო — პირველი ტაიმი 0-3 დავთმეთ, მეორე ნახევრის დებიუტში კი სხვაობა ოთხ ბურთამდე გაიზარდა (0-4). მიუხედავად ურთულესი მდგომარეობისა, „თეთრმა დათვებმა“ დაუჯერებელი ხასიათი გამოავლინეს, თამაშში დაბრუნება მოახერხეს და ინტრიგა ბოლო წამამდე შეინარჩუნეს. სამწუხაროდ, მეექვსე, საყაიმო გოლის გასატანად დრო აღარ დაგვრჩა და სეზონში პირველი მარცხი განვიცადეთ, მინიმალური სხვაობით — 5-6.

სუპერ ლიგის მომდევნო მატჩი მომავალ კვირას, „იბერიას“ წინააღმდეგ გაიმართება (ზუსტი დრო და თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება). თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ბიჭებს წინ კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება ელით.

მასტერ ლიგა და მერიის თასი: კვირის მთავარი გამოწვევები

ჯერჯერობით ბოლო მატჩი რომელიც მასტერ ლიგის ეგიდით გავმართეთ იყო მარტყოფთან დაპირისპირება.

აღნიშნული შეხვედრა თეთრმა დათვებმა მაღალ დონეზე ჩაატარეს და საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგესთან შეხვედრა 4-0 დაასრულეს.

ამ მატჩში დებიუტი შედგა ლუკას ბოგველის, რომლის წარმატებულმა ასპარეზობამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ასევე აღსანიშნავია ტრავმირებული ვაჟა გეგეშიძის დაბრუნება, რომლის ანგარიში ორი ასისტი და კარის ხაზიდან გამოტანილი ბურთია, რისი დამსახურებითაც გიგა ჭანკვეტაძემ კარი მშრალად შეინახა.

ლუკას ბოგველი | ფოტოგრაფი: მაკა ხურციძე

მასტერ ლიგის, გადადებული მატჩი „ფედერაციასთან“ დღეს გაიმართება. გუნდები ერთმანეთს ვაკეში, მასტერ ლიგის არენაზე, 20:45 საათზე დაუპირისპირდებიან.

სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ამ შეხვედრას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს — წარმატებული სერიის შედეგად პლეი-ოფის ზონას მივუახლოვდით და ახლა ყველაფერი ჩვენს ხელშია.

GFDF – მარტყოფი | მასტერ ლიგა | მაკა ხურციძე

თუმცა, მიმდინარე კვირის საფეხბურთო მარათონი ამით არ სრულდება. პარასკევს თბილისის მერიის თასის 1/16 ფინალი გველოდება, სადაც ჩვენი მეტოქე წლევანდელ სეზონში შესანიშნავ ფორმაში მყოფი „მარშალი“ (როსტო ფარცვანიას გუნდი) იქნება. აქედან გამომდინარე, მასტერ ლიგის არენაზე მოსულ გულშემატკივარს წესით და რიგით კარგი, დაძაბული მატჩი ელოდება.

კახა ტოგონიძე | ფოტოგრაფი: მაკა ხურციძე

ჯამში, „თეთრი დათვები“ მიმდინარე კვირაში 3 ურთულეს შეხვედრას მართავენ, სადაც თითოეულ მატჩში წარმატება გუნდს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. მობილიზება უმაღლეს დონეზეა და ჩვენ მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის!