
გასული კვირა „თეთრი დათვებისთვის“ ნამდვილად ემოციური, დაძაბული და ფიზიკურად უკიდურესად დამღლელი გამოდგა.
გუნდმა სამ სხვადასხვა ფრონტზე იბრძოლა და ქომაგს სანახაობრივი, ხასიათის გამომვლენი მატჩები შესთავაზა.
მასტერ ლიგა: დამაჯერებელი გამარჯვება და პლეი-ოფის ზონა
სათამაშო კვირა ორშაბათს, მასტერ ლიგის გადადებული მატჩით გაიხსნა. ჩვენი მეტოქე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) გუნდი იყო, რომლის რიგებშიც არაერთი გამორჩეული ფიგურა ასპარეზობს.
მოლოდინისამებრ, რთული და უშეღავათო შეხვედრა ვიხილეთ, თუმცა „თეთრმა დათვებმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. სანდრო კაიდარაშვილის, ლუკას ბოგველისა და ვაჟიკო გეგეშიძის ზუსტ დარტყმებს ფედერაციამ მხოლოდ ერთი ბურთით უპასუხა — ტაბლოზე 3:1 დაფიქსირდა.

ამ გამარჯვებით გუნდმა მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა და პლეი-ოფის ზონაში მყარად დაიმკვიდრა ადგილი. როგორც იცით, რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, საჩემპიონო მარათონს პირველ 7 ადგილზე გასული გუნდები გააგრძელებენ.
წარუმატებელი 3-მატჩიანი სტარტის შემდეგ, GFDF-მა სწორ რელსებზე შედგომა მოახერხა. წინ მორიგი გამოცდაა: რეგულარული სეზონის მატჩი „საბა კონსტრაქშენთან“ სამშაბათს, 23:45 საათზე გაიმართება.
მერიის თასი: ტრილერი „მარშალთან“ და პენალტების დეჟავიუ
მასტერ ლიგა არენაზე დათვების ასპარეზობა ამით არ დასრულებულა. პარასკევს გუნდს თბილისის მერიის თასის 1/16 ფინალი და უმძიმესი ბარიერი — ძლიერი „მარშალი“ ელოდებოდა.
გულშემატკივარს კარგად ახსოვს შარშანდელი 1/2 ფინალი ამავე გუნდთან, როცა მატჩის მიწურულს ნიკა ფანცულაიამ კუთხურიდან საოცარი გოლით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო პენალტების სერიაში გიგა ჭანკვეტაძის ორმა სეივმა გუნდი ფინალში გაიყვანა.
წელს „მარშალი“ გაძლიერებული შემადგენლობით და შედეგიანი ფეხბურთით დაგვიპირისპირდა. შეკრებილმა ქომაგმა ნამდვილი საფეხბურთო დრამა იხილა.

პირველ ნახევარში ანგარიში ლაშა ჟღენტმა გახსნა. მატჩი ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა — მხოლოდ ნიკა ფანცულაიას ჰქონდა ორი 100%-იანი შანსი, მიზანთან ახლოს იყო სანდრო კაიდარაშვილიც. თუმცა, მეორე 20-წუთეულში „მარშალის“ ბომბარდირმა, ლევან მაჭავარიანმა დუბლი გაიფორმა და მეტოქე წინ გაიყვანა.
და აქ დადგა დეჟავიუს დრო — GFDF-ის რიგებიდან წონასწორობა კვლავ ფანცულაიამ აღადგინა. დიახ, ნიკამ შარშანდელის მსგავსად საკუთარი გუნდი პენალტების სერიამდე მიიყვანა.
სერია ნერვების ნამდვილ ომად იქცა: ლუკას ბოგველის არაზუსტი დარტყმის შემდეგ უპირატესობა მეტოქის მხარეს გადავიდა. თუმცა, თუ მანამდე გმირი ფანცულაია იყო, კარის ხაზზე კვლავ შეუდარებელი აღმოჩნდა გიგა ჭანკვეტაძე. მან შარშანდელი სცენარი ზუსტად გაიმეორა, ბოლო ორი პენალტი მოიგერია და გუნდს 1/8 ფინალის საგზური აჩუქა.

მომდევნო ეტაპზე ჩვენი მეტოქე კვლავინდებურად ფედერაციის გუნდი იქნება, რომელიც რეგულარულ ტურში განცდილი მარცხის რევანშს ეცდება, თუმცა „თეთრი დათვები“ 1/4 ფინალისთვის მაქსიმუმს გაიღებენ.
სუპერ ლიგა: მტკიცე ხასიათი და დასანანი მარცხი
სუპერ ლიგაზე გუნდმა რიგით მეორე დასანანი მარცხი იწვნია. „იბერია“ უმაღლესი კლასის გუნდია, რომლის რიგებშიც საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ასპარეზობენ.
მიუხედავად დონის სხვაობისა, ჩვენმა ბიჭებმა მტკიცე ხასიათი გამოავლინეს და მოედნის თითოეულ სანტიმეტრზე ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს. მატჩის დასრულებამდე 10-15 წუთით ადრე ანგარიში 1:1 იყო. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს კარის ხაზზე გიგა ჭანკვეტაძის მორიგი საოცარი პერფორმანსი და რატი ცაცკრიალაშვილის მაღალი საფეხბურთო ინტელექტი.
მეორე ნახევარში, სანამ კახა ტოგონიძეს მოედნიდან გააძევებდნენ და გუნდი 5 წუთის განმავლობაში კაცნაკლული დარჩებოდა, „თეთრ დათვებს“ კონტრშეტევაზე ორი იდეალური მომენტი შეექმნათ, თუმცა დასკვნით ფაზაში სიზუსტე დაგვაკლდა.
საბოლოო ჯამში 3:1 მეტოქის სასარგებლოდ. თუმცა, საკადრო პრობლემებისა და მეტოქის კლასის ფონზე ნაჩვენები თამაში ნამდვილად იმსახურებს აპლოდისმენტებს. გუნდის ბრძოლისუნარიანობა სამომავლო მატჩების წინ დიდ ოპტიმიზმს გვიტოვებს.
წინ ახალი გამოწვევებია — ვემზადებით შემდეგი კვირისთვის!

