ხმაურიანი დაბრუნება და მნიშვნელოვანი გამარჯვებები

გასულ კვირაში GFDF-ს ორ სხვადასხვა ტურნირზე მოუწია ასპარეზობა.

მასტერ ლიგაზე გუნდი აუტსაიდერ „საბა კონსტრაქშენს“ დაუპირისპირდა, ხოლო სუპერ ლიგაზე „თეთრ დათვებს“ გათამაშების ლიდერი, „საბურთალო“ ელოდებოდა.

მასტერ ლიგა: „ქამბექის“ პროექტი გრძელდება

მასტერ ლიგაზე გუნდის წინსვლა იდეალურად ვითარდება. ზედიზედ მესამე ტურის შემდეგ GFDF-ს 100%-იანი შედეგი აქვს, რისი დამსახურებითაც „დათვებმა“ მე-17 პოზიციიდან მე-4 ადგილზე გადაინაცვლეს და 16 ქულით ამ საფეხურს „ონვეისთან“ იყოფენ. ცხრილში მათ წინ, იდენტური ქულათა ბალანსით, ერთბაშად სამი გუნდია: „აპტოსი“, „რევაინი“ და „თბ მერია-ბრიჯი“.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „საბა კონსტრაქშენისთვის“ მიმდინარე სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობს და ბოლო ადგილზე იმყოფება. მიუხედავად ამისა, მათ რიგებში ტექნიკური მოთამაშეები ირიცხებიან და როგორც მოსალოდნელია, გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდი ლიდერებთან შანსის გამოყენებას ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს.

შეხვედრა საკმაოდ რთული გამოდგა და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში სრულად არ ასახავს მოედანზე არსებულ რეალობას. გუნდმა არაერთი მომენტი გაანიავა, განსაკუთრებით 2-0-ზე(ბოგველის მორიგი ბურთი და ვაჟიკო გეგეშიძის აკრობატულ სტილში შესრულებული ზუსტი დამატება).

იმის ნაცვლად, რომ მატჩი მშვიდად მიგვეყვანა 3-0-მდე, ტაიმის მიწურულს კონცენტრაცია დავკარგეთ და აბსოლუტურად სამართლიანად დავისაჯეთ — მეტოქემ სხვაობა შეამცირა (2-1).

საბედნიეროდ, მეორე ნახევარში ლაშა ჟღენტის, სანდრო კაიდარაშვილისა და გუნდის კაპიტნის, ნიკა შანიძის შედეგიანი ასპარეზობით უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვება შევძელით.

მატჩის გამორჩეული ფაქტები:

  • ბომბარდირი: გუნდის საუკეთესო მეგოლე დღეისათვის სანდრო კაიდარაშვილია (6 გოლი).

  • ასისტენტი და ტურის MVP: საგოლე გადაცემებით ლიდერობს ლაშა ჟღენტი, რომელიც ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სრულიად დამსახურებულად მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

ჩვენი მომდევნო მეტოქე გამოცდილი „სდსს“-ია, რომელიც ტაქტიკურად გამართულ, ფიზიკურად ძლიერ და კონტრშეტევებზე ორიენტირებულ გუნდად ჩამოყალიბდა. ჩვენი მიზანი ყველა შეხვედრაში გამარჯვებაა და გუნდი ლიდერთა სამეულთან სხვაობის აღმოსაფხვრელად ბრძოლას განაგრძობს.

სუპერ ლიგა: პრინციპული გამარჯვება ლიდერთან

სუპერ ლიგაზე სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. ორი დასანანი მარცხის შემდეგ, რეაბილიტაცია და საკუთარი ძალების რწმენის დაბრუნება აუცილებელი იყო. მეტოქე კი პირველ ადგილზე მყოფი, უძლიერესი „საბურთალო“ გახლდათ.

გუნდი დაბრუნდა და თანაც ხმაურიანად! პირველადგილოსანთან ანგარიშით 8-3 გამარჯვება ჩვენს ამბიციებს ამ ტურნირზე ხმამაღლა აფიქსირებს და მომდევნო მატჩს დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით.

მოედანზე გამოირჩეოდნენ:

  • გიგა ჭანკვეტაძე (მინი ფეხბურთის ტურნირის კაპიტანი): დიდებული ასპარეზობა! მან არაერთხელ იხსნა გუნდი სუპერ სეივებით და მეტოქეს საკუთარი კარიდან ეფექტური გოლიც კი გაუტანა.

  • ნიკა ფანცულაია: უაღრესად შედეგიანი თამაში — მეტოქეს ფაქტობრივად სისხლი გაუშრო.

  • რატი ცაცკრიალაშვილი: ტრადიციულად დამაჯერებლად დირიჟორობდა მოედნის შუა ხაზს.

  • დაცვა და თავდასხმა: ვაჩე ალფაიძე, გოგიტა უგულავა, ნიკა შანიძე, ლუკა ბადაგაძე, სანდრო კაიდარაშვილი და ბექა რაზმაძე მოედანზე დომინირებდნენ და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ.

ცხელი საზაფხულო კალენდარი

„თეთრ დათვებს“ წინ მძიმე და დატვირთული ზაფხული ელით. სულ მალე საქართველოს ჩემპიონატი იწყება ქვიშის ფეხბურთში, თუმცა 1 ივლისამდე გუნდს მასტერ ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩები აქვს ჩასატარებელი — ჯერ „სდსს“-სთან, შემდეგ კი უმძიმესი დაპირისპირება „ევერსტოუნთან“.

ბათუმური ვოიაჟის შემდეგ კი, თბილისის მერიის თასის 1/8 ფინალში GFF-ის წინააღმდეგ მოგვიწევს ბრძოლა.