მტკივნეული გაკვეთილებიდან ბათუმურ რესტარტამდე

GFDF-ის მატჩების ტრადიციული მიმოხილვა ამჯერად მხოლოდ გასულ კვირას არ მოიცავს.

წინ საინტერესო ამბები გველოდება: სუპერლიგისა და მასტერ ლიგის დაძაბული მატჩები, დებიუტი ქვიშის ფეხბურთში და მერიის თასის პლეი-ოფები.

რთული დაპირისპირებები „ევერსტოუნთან“

  • სუპერ ლიგა: გუნდმა მტკივნეული მარცხი იწვნია შეხვედრაში, სადაც უპირატესობას ვფლობდით და ანგარიშითაც წინ ვიყავით. სამწუხაროდ, ჩვენი მოთამაშის არასპორტული საქციელის გამო მიღებულმა სამართლიანმა წითელმა ბარათმა მთელი გუნდი დააზარალა. 5 წუთის განმავლობაში კაცნაკლულებმა თამაში ვეღარ შემოვატრიალეთ და დავმარცხდით.

  • მასტერ ლიგა: რეაბილიტაციის დიდი სურვილით, იმავე „ევერსტოუნს“ უკვე მასტერ ლიგაზე დავუპირისპირდით. საწყის 10 წუთში მეტოქის კარის აღება 4-5-ჯერ შეგვეძლო, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ინდივიდუალური შეცდომის გამო მეტოქე წინ გავიდა და საბოლოოდ, მატჩი 1:2 დავთმეთ.

ბათუმური რესტარტი და დებიუტი ქვიშის ფეხბურთში

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, გადატვირთვა ჰაერივით გვჭირდებოდა. ბათუმი, მზე, ზღვა და ქვიშა „თეთრი დათვებისთვის“ იდეალური თერაპია აღმოჩნდა – როგორც ფიზიკური, ისე მორალური კუთხით.

მიუხედავად იმისა, რომ ქვიშის ფეხბურთში პირველად ვმონაწილეობდით, სპეციფიკას ალღო მალევე ავუღეთ. ჯგუფში ორ ძლიერ ადგილობრივ გუნდთან მოგვიწია დაპირისპირება, სადაც შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენეთ. შედეგად, მივიღეთ უდიდესი გამოცდილება, დადებითი მუხტი და მეორე ეტაპის საგზური.

„თეთრი დათვები“ ბათუმში 14-16 აგვისტოს დაბრუნდებიან და ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ!

მერიის თასი და მოახლოებული რევანში

დედაქალაქში დაბრუნებულებს მერიის თასის 1/8 ფინალში GFF-თან დაპირისპირება გველოდა. შეხვედრას მაქსიმალური მობილიზებით მივუდექით და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება სრულიად დამსახურებულად მოვიპოვეთ.

წინ 1/4 ფინალია, სადაც ჩვენი მეტოქე… კვლავ „ევერსტოუნი“ იქნება! მოკლე დროში ამ გუნდს უკვე მესამედ ვუპირისპირდებით და ახლა შურისძიების დროა.

მატჩის დეტალები:

  • ტურნირი: მერიის თასი (1/4 ფინალი)

  • მეტოქე: ევერსტოუნი

  • დრო: კვირა, 18:00 საათი

  • ადგილი: მასტერ ლიგა არენა

„თეთრი დათვები“ ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად მოედანზე მაქსიმუმს გაიღებენ!