საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც საიტზე ბოლო პოსტი გამოქვეყნდა და ვფიქრობ, ახლა გასააქტიურებლად საუკეთესო დროა.
მით უმეტეს, რომ „თეთრი დათვების“ თავს მართლაც ბევრი კარგი რამ მოხდა, თუმცა, ჯობს, ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. დღევანდელი სტატია უშუალოდ ჩვენი გუნდის განვლილ ბატალიებს არ ეხება, რომელთა შედეგადაც, სხვათა შორის, მერიის თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავედით.
დღევანდელი ისტორია საერთაშორისო არენაზე „თეთრი დათვების“ გამოჩენას უკავშირდება. სეზონის მძიმე სტარტი ყველას კარგად გვახსოვს. წარმოიდგინეთ, მას შემდეგ სულ რაღაც რამდენიმე თვე გავიდა და ბიჭებმა საკუთარი თავდადებული თამაშით მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ნამდვილად დაიმსახურეს.
დიახ, ესენში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი გუნდისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი ეტაპია. საამაყოა, რომ პირველივე საერთაშორისო ტურნირზე, ეროვნულ ნაკრებში GFDF-დან ერთბაშად ოთხ მოთამაშეს უხმეს!
-
გიგა ჭანკვეტაძე – ადამიანი, რომლის ნერვების, ოსტატობისა და ცივსისხლიანობის ხარჯზეც გუნდმა შარშან წარმოუდგენელი გზა განვლო. მას არც წელს დაუკლია საკუთარი გუნდისთვის მაქსიმუმის გაღება და, მით უმეტეს, მიმდინარე სეზონში ის უკვე გუნდის ვიცე-კაპიტანია! ახალი რანგით შეუტევს მერიის თასს, ახალი ძალებით და ჩვეული არანორმალური მოქმედებებით, რომლითაც ის ნამდვილად გახდა მასტერ ლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ნომერი!
-
ლუკას ბოგველი – შემტევი, რომელიც ფენომენალურ ფორმაშია. მოსვლის პირველივე წამიდან იგი ამტკიცებს საკუთარ სტატუსსა და მნიშვნელობას; რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ ალამაზებს ყველა ტურნირს, რომელშიც გამოვდივართ! გოლები, საგოლე გადაცემები, ფეერიული თამაში და სამაგალითო ქცევა როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
-
ლაშა ჟღენტი – მოვიდა მაშინ, როდესაც, პირდაპირი მნიშვნელობით, კრიზისში ვიყავით. სამი თამაში და მხოლოდ 1 ქულა.. ეს აბსოლუტური კრახი და ჩვენი მიზნებიდან რადიკალური აცდენა იყო. თუმცა, როგორც „ბეჭდების მბრძანებლის“ ერთ-ერთ საკვანძო მომენტშია, როცა განდალფი არაგორნს მესამე დღეს, მზის პირველ ამოსვლაზე დაჰპირდა დაბრუნებას, სწორედ ასე გამოეცხადა ის „თეთრ დათვებს“, გაგვიწოდა დახმარების ხელი და ყველამ ერთად შევძელით შავი დღეების უკან მოტოვება. ის ნამდვილი პროფესიონალია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც გუნდს სჭირდება.
-
ნიკა ფანცულაია – ვინც მას იცნობს, ალბათ, დამეთანხმება, რომ აბსოლუტურად ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ყველა კრიტიკოსი გააჩუმოს; ქომაგს გაოცებისგან პირი დააღებინოს, ვიდრე ტაშის დაკვრას დაიწყებდეს; მოატყუოს ყველა და ყველაფერი და საკუთარი გუნდისთვის მაქსიმუმი გაიღოს! შრომა ფასდება და ასეა ჩვენი „ფანცულას“ შემთხვევაშიც. გაიღებ მეტს და დაგიბრუნდება უფრო მეტი, ასეა მოწყობილი ეს სამყარო და ფეხბურთი!
შრომა, რომელიც ფასდება
SOCCA ბრწყინვალე შანსს იძლევა, ითამაშო საყვარელი სპორტის სახეობა უმაღლეს დონეზე და, ამასთანავე, შენი ქვეყნის ღირსება საერთაშორისო ტურნირზე დაიცვა. მეტი რა უნდა ინატროს მოყვარულმა ფეხბურთელმა? თუმცა, როგორ იწყება ეს ყველაფერი? მზადება, დამღლელი, შრომატევადი პროცესი და ფიქრი.. შევძლებ თუ არა იმ კარის გაღებას, რომლის მიღმაც ჩემი ქვეყნისთვის ბოლო წვეთამდე დავიხარჯები?
სწორედ ამ კითხვაზე პასუხი იყო გაფრენამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნებული განაცხადი, სადაც ოთხი ჩვენიანი აღმოვაჩინეთ. ნაკრები უაღრესად ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული! მოთამაშეებით, რომლებიც, თამამად შეიძლება ითქვას, დღეს „მასტერ ლიგაში“ ამინდს ქმნიან, მათ გვერდით „თეთრი დათვების“ ხილვა კი, უაღრესად საამაყო ფაქტია!
ეს იმას ნიშნავს, რომ ის წვალება, რაც აქამდე გავიარეთ და ის საფეხბურთო სირთულეები, რომლებიდანაც ამოვედით, თავი ავწიეთ და ამაყად განვაგრძეთ გზა – ამად ნამდვილად ღირდა!
არადა, ახლა რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ მხოლოდ დასაწყისია და ყველაფერი წინ არის. თუ ჩვენ სულ რაღაც 2-3 თვეში შევძელით მობილიზება, ფეხზე დადგომა და გამარჯვებების მოპოვება, წარმოიდგინეთ, რა გველის წინ! ტემპი არ დავარდება, ეს არის გუნდი, რომლის ფუნდამენტიც ფეხბურთის, ერთმანეთისა და იმ ადამიანების პატივისცემაზე დგას, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან და უკეთესებად გახდომაში გვეხმარებიან.
პირველი ნაბიჯები და მოლოდინები მსოფლიო ჩემპიონატზე
ისევ ნაკრებს დავუბრუნდეთ: განაცხადის გამოქვეყნებისა და მისგან მიღებული პოზიტიური ემოციების შემდეგ, წინ პირველი მეტოქე გველოდებოდა. პაკისტანის ნაკრებთან სასტარტო შემადგენლობაში იყო ლუკას ბოგველი, რომელმაც თამაში აქტიურად დაიწყო, მეტოქის ნახევარზე ერთბაშად რამდენიმე ჩაჭრა განახორციელა, არიგებდა გადაცემებს და თავის ჩვეულ სოლო რეიდებს ასრულებდა.
პირველი თამაში ყოველთვის რთულია და არც ეს ყოფილა გამონაკლისი. აშკარად იგრძნობოდა ჩვენების უპირატესობა, თუმცა, რთულია, გრძელი გზის შემდეგ მეორე დღესვე გამოხვიდე და დილიდანვე საკუთარი პოტენციალის 100% გამოავლინო.
მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ნახევარში ჩვენი ნაკრების ფიზიკა, ტექნიკა და ინტენსიურობა ყველასათვის თვალშისაცემი გახდა, რამაც შედეგზეც პირდაპირი ასახვა პოვა. აღსანიშნავია, რომ ბოგველმა უმნიშვნელოვანეს მომენტში შეძლო გოლის გატანა მაშინ, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, რითაც ესენში მყოფ ქართველებთან ერთად თითოეული ჩვენგანი გაახარა!
არ უნდა დავივიწყოთ ჟღენტის ასპარეზობაც, რომელიც, ტრადიციულად, ენერგიული და ცივსისხლიანი იყო. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მეტი დრო გავა და ბიჭები უკეთ გაუგებენ ერთმანეთს, ყველა რგოლი მეტად მობილური და დინამიკური გახდება, ეს კი სასურველი შედეგის მიღწევას კიდევ უფრო გააადვილებს.
წინ ლიბანთან თამაშია. როგორც ამბობენ, ტურნირის დებიუტანტია და ბუნებრივია, ეცდება საკუთარი კვალის დატოვებას, მაგრამ ჩვენებთან ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდებათ. უკრაინელებისგან უკვე კარგად გაიგეს, რას ნიშნავს SOCCA-ზე ასპარეზობა. მიუხედავად იმისა, რომ რთული მატჩი გველოდება, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბიჭები მეტოქის თამაშიდან სწორ დასკვნებს გამოიტანენ და ორიდან ორ გამარჯვებას ვიზეიმებთ!
წარმატებები ჩვენს ბიჭებს! ვფიქრობ, ეს ის ტურნირია, სადაც მართლაც შეგვიძლია, ნაბიჯ-ნაბიჯ დიდ წარმატებას მივაღწიოთ! თუმცა, ამისთვის მოთმინება და დაუღალავი შრომაა საჭირო, რისი რესურსიც დღევანდელ ნაკრებში ნამდვილად არსებობს.








